მედეა - ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
ბიძინა კვერნაძის სახელობის ფესტივალი წელს უკვე მესამედ ჩატარდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აჭარის კულტურის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით მხარდაჭერით.
ფესტივალის ფარგლებში ოთხი საღამოა დაგეგმილი. მათ შორის, ბათუმში, (ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი) ერთი თბილისში (რუსთაველის ეროვნულ თეატრში) და ერთიც სიღნაღში, ბიძინა კვერნაძის მშობლიურ ქალაქში.
წლევანდელი ფესტივალი 14 ივნისს, ბათუმში, საზეიმოდ გაიხსნება ლუიჯი ქერუბინის ოპერის „მედეა“ წარმოდგენით. აღსანიშნავია,რომ ეს ნაწარმოები პირველად საქართველოში, კერძოდ ბათუმში შესრულდება. მედეას პარტიას, ასრულებს მსოფლიოში აღიარებული მედეას როლის საუკეთესო შემსრულებელი, ქართველი სოპრანო, იანო ალიბეგაშვილი. დამდგმელი დირიჟორი ენ რენდინ ოვერბი მოწვეულია ნორვეგიიდან, რომელიც იმუშავებს ადგილობრივ ორკესტრთან ერთად. აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობს ბათუმის სახელმწიფო კაპელა. ხოლო იანო ალიბეგაშვილს პარტნიორობას უწევენ როგორც იტალიიდან მოწვეული ტენორი იოსეფ ჯიპალი, სოპრანო არდიტა მენი, აგრეთვე, ცნობილი ქართველი მსოფლიო საოპერო ვარსკვლავი რამაზ ჩიკვილაძე.
15 ივნისს, ასევე ბათუმში, გაიმართება დიდი ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ცნობილი ქართველი მუსიკოს-შემსრულებლების მონაწილეობით. მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის მიერ წარმოდგენილ ვერსიებს სცენაზე შეასრულებენ ცნობილი მუსიკოს შემსრულებლები თამარ გვერდწითელი, გიორგი სუხიტაშვილი და სოფო ხალვაში.
29 ივნისს, ფესტივალი თბილისში დაგეგმილი კონცერტით გაგრძელდება, სადაც გალა-კონცერტზე, ქართული თეატრისა და კინოს აკადემიური მუსიკის შედევრებს წარმოგიდგენთ მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი ქართველ შემსრულებლებთან ერთად.
ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება კომპოზიტორის ბიძინა კვერნაძის მშობლიურ ქალაქ სიღნაღში, სადაც მსმენელს საშუალება ექნება კიდევ ერთხელ მოუსმინოს უკვდავ შემოქმედებას.